24 September 2025
2025 წლის 30 სექტემბრიდან - 08 ოქტომბრის ჩათვლით, ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფი ბათუმში EAPT Batumi 2025-ს უმასპინძლებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო პოკერის ტურნირის საპრიზო ფონდი 800 ათასი დოლარი იქნება. ეს რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირია, რომელსაც ECLIPSE POKER CLUB ატარებს.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსგავსი მაღალი დონის პოკერის ტურნირები საქართველოსთვის უპრეცედენტოა და მათ შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ.
უახლოეს მომავალში ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფი, ბათუმში უკვე მესამედ უმასპინძლებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს: ევრო-აზიურ პოკერის ტურს, რომელიც ქალაქისა და რეგიონისთვის გარდამტეხი მოვლენა შეიძლება გახდეს.
ტურნირის ორგანიზატორები, ღონისძიების გამართვის ეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საუბარია არა მხოლოდ ცალკეულ ღონისძიებაზე, არამედ სტრატეგიულ პროექტზე, რომელიც ბათუმისთვის ეკონომიკის, ტურიზმისა და საერთაშორისო პოზიციონირების ახალ ჰორიზონტს ხსნის:
ტრადიციულად, ბათუმში ტურისტული ნაკადი ძლიერ სეზონურობას ექვემდებარება: პიკი ზაფხულის თვეებშია, შემოდგომასა და ზამთარში კი აქტივობა იკლებს. მსხვილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ამ დინამიკას ცვლის.
უცხოელი სტუმრების, სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლებისა და თანმხლები დელეგაციების ჩამოსვლა ტურისტების ახალ სეგმენტს ქმნის, რომელიც პლაჟის სეზონზე დამოკიდებული აღარ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადები წლის განმავლობაში უფრო თანაბრად გადანაწილდება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალბიუჯეტიანი ვიზიტორების კატეგორიას — სწორედ ასეთი სტუმრები ხდებიან პრემიუმ სეგმენტის (სასტუმროები, რესტორნები, გართობისა და დასვენების სერვისები) ძირითადი მომხმარებლები. მათი ყოფნა დამატებით მოთხოვნას ქმნის მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, რაც ასტიმულირებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ამაღლებს მომსახურების სტანდარტებს.
ამრიგად, ტურნირი არა მხოლოდ აცოცხლებს არასეზონურ ბაზარს, არამედ ქმნის გრძელვადიან საფუძველს იმისთვის, რომ ბათუმი მთელი წლის ტურისტულ ცენტრად იქცეს.
ტურნირის ეკონომიკური ეფექტი სხვადასხვა ფაქტორის კომპლექსით ვლინდება. უპირველეს ყოვლისა, იზრდება საქმიანი აქტივობა. სასტუმროების ბიზნესი, კვების სფერო, ტრანსპორტი და სხვა სერვისები განვითარებისთვის ხელშესახებ სტიმულს იღებენ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი ღონისძიებები ქმნიან დროებით სამუშაო ადგილებსა და დასაქმების შესაძლებლობებს. ტურნირის ორგანიზება დიდ პერსონალს საჭიროებს — ტექნიკური სპეციალისტებიდან დაწყებული, მომსახურების სფეროს თანამშრომლებით დამთავრებული. ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ კადრებს, ჩაერთონ პროცესში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს რეგიონში დასაქმების დონეზე.
გარდა ამისა, ეკონომიკური აქტივობა ფისკალურ პოლიტიკაზეც აისახება. საერთაშორისო ტურნირის მომსახურებაში ჩართული კომპანიების ბრუნვის ზრდა იწვევს საგადასახადო შემოსავლების ზრდას, რაც შეიძლება მიმართული იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე. ტურნირი ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს — ის ასტიმულირებს იმ პროცესებს, რომლებსაც ჩვეულებრივ პირობებში ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა.
ტურნირის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ბათუმის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებაა. თანამედროვე სამყაროში ქალაქები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს არა მხოლოდ ტურისტული, არამედ კულტურული, საქმიანი და გასართობი ცენტრების სტატუსისთვისაც.
მსოფლიო ცენტრების გამოცდილება — როგორებიცაა მონტე-კარლო, დუბაი ან მაკაო — აჩვენებს, რომ სწორედ მსხვილი ღონისძიებები ხდება გარდამტეხი მომენტი ქალაქის ბრენდის ფორმირებაში. ბათუმში ტურნირი ანალოგიურ პერსპექტივას ხსნის: ის ქმნის საინფორმაციო საბაბს, აყალიბებს ცნობადობას გლობალურ დონეზე და აჩვენებს ქალაქის მზადყოფნას, უმასპინძლოს მსოფლიო მასშტაბის მოვლენებს.
ინვესტორებისთვის ეს რეგიონის სტაბილურობისა და პოტენციალის სიგნალია, ტურისტებისთვის — მიზეზი იმისა, რომ ბათუმი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში შეიტანონ. საერთაშორისო საზოგადოებისთვის კი — დადასტურება იმისა, რომ ქალაქი გლობალური მოვლენების კალენდრის ნაწილი ხდება.
პოკერის საერთაშორისო ტურნირების მთავარი ღირებულება მის გრძელვადიან გავლენაში მდგომარეობს. ის აყალიბებს მდგრად ინფრასტრუქტურას: სასტუმროები და სერვისები, რომლებიც ტურნირის საჭიროებებზე მოდერნიზდება, ქალაქისთვის მუშაობას აგრძელებენ.
გარდა ამისა, ტურნირების წარმატებით ჩატარება იმის არგუმენტი ხდება, რომ ბათუმი მომავალში სხვა საერთაშორისო ღონისძიებებისთვისაც განიხილონ, იქნება ეს სპორტული ჩემპიონატები, კულტურული ფესტივალები თუ საქმიანი ფორუმები.
ამრიგად, ტურნირი ინვესტიციად იქცევა არა მხოლოდ მოკლევადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში არამედ რეგიონის მომავალშიც.
"პოკერის საერთაშორისო ტურნირების არსებობა ბათუმისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. ეს არის ქალაქის განვითარების ახალ დონეზე გასვლა, მისი გადაქცევა ტურისტების, ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიზიდულობის ცენტრად.
ეკონომიკა იძენს ზრდის სტიმულს, ტურიზმი — სეზონის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, ქალაქი კი — შანსს, დაიმკვიდროს საერთაშორისო გასართობი და საქმიანი აქტივობის ცენტრის სტატუსი. ამისათვის მიზანშეწონილია:
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ბათუმი სათამაშო ინდუსტრიის ცენტრად ვერ ჩამოყალიბდება. პირიქით, მოსალოდნელია ტენდენცია, რომ მაღალი საგადასახადო წნეხის გამო, არსებული აზარტული მოთამაშეების ნაკადიც შემცირდეს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სათამაშო ბიზნესის საერთოდ გაუქმება რეგიონში და ქვეყანაში. რასაც დაემატა აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვის ხელოვნურ ტერიტორიებზე კაზინოების ლეგალიზაცია, რაც სისტემურ საფრთხეს უქმნის აჭარის სათამაშო ინდუსტრიასა და ტურისტულ სექტორს. მოსალოდნელია ტურისტებისა და მოთამაშეების გადინება, რომლებიც აქამდე ბათუმს ამჯობინებდნენ, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. ეს გამოიწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას, რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის შესუსტებას და ბათუმის, როგორც სათამაშო და გართობის ცენტრის, მარკეტინგული იმიჯის გაუფერულებას. რადგან სახმელეთო კაზინოებიდან მიღებული შემოსავლები ბათუმის ბიუჯეტის 30%-ზე მეტს შეადგენს, კლიენტთა ბაზის ნაწილობრივმა დაკარგვამაც კი შეიძლება კრიტიკული გავლენა იქონიოს რეგიონის ეკონომიკასა და ტურისტული ნაკადის მდგრადობაზე.
იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გადახედავს ფისკალურ და ლოგისტიკურ პოლიტიკას ამ მიმართულებით, ბათუმს გააჩნია სრული პოტენციალი, გახდეს რეგიონის მაღალბიუჯეტიანი სტუმრების გართობის დედაქალაქი – საუკეთესო კრიტერიუმებით", - აცხადებენ ტურნირის ორგანიზატორები.
LINK: https://bm.ge/news/batumshi-saertashoriso-pokeris-turniri-eapt-batumi-2025-gaimarteba